კენიური სექტის ლიდერი 190 ბავშვის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს
მსოფლიო

პოლ მაკკენზი
ფოტო: Reuters
კენიის სასამართლომ „კეთილი ცნობის საერთაშორისო ეკლესიის“ სექტის ლიდერი, პოლ მაკკენზი, 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრულის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო..
მაკკენზი საკვებზე რიტუალური უარის შესახებ ქადაგებდა. მან თავისი კულტის წევრებს განუცხადა, რომ მალე ქვეყნიერების დასასრული დადგებოდა და „იესოსთან შესახვედრად“ შიმშილობისკენ მოუწოდა.
ადამიანები, რომლებიც მაკკენზის საქმიანობას იცნობდნენ, Reuters-ს უყვებოდნენ, რომ ის თავისი მიმდევრების შიმშილით ამოხოცვას სამ ეტაპად გეგმავდა: ჯერ ბავშვების, შემდეგ ქალებისა და ახალგაზრდა კაცების, ბოლოს კი ყველა დანარჩენი კაცის.
მაკკენზი 2023 წელს დააკავეს მას შემდეგ, რაც შაკაჰოლას ტყეში, სადაც ის თავის მიმდევრებთან ერთად ცხოვრობდა, ათობით საფლავი იპოვეს. ტყეში სულ 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, თუმცა ამჟამად სასამართლო მხოლოდ 191-ის მკვლელობის საქმეს განიხილავს. დანარჩენი ადამიანების გარდაცვალების გამოძიება გრძელდება.
მაკკენზიმ ბრალი არ აღიარა. მის გარდა, განსასჯელთა სკამზე მისი 29 უახლოესი თანამზრახველი (მათ შორის მისი მეუღლე) აღმოჩნდა. მათ განაჩენს 6 ნოემბერს გამოუტანენ.





