ტრამპმა უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების განახლებას სამარცხვინო უწოდა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Reuters
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების განახლება სამარცხვინოა და მსოფლიო ბაზარზე ენერგორესურსების ფასების ზრდას უწყობს ხელს.
Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას აღარ დაიცავდა. ეს შეთანხმება ტრამპმა გამოაცხადა. ზელენსკიმ ასევე გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი მოსკოვთან შეთანხმებების მიღწევის მზაობის გამო.
„ის მხოლოდ იმას აკეთებს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასს ზრდის. ვფიქრობ, ეს სამარცხვინოა“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი განცხადება უკრაინის მიერ მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმას მოჰყვა. ეს საწარმო რუსეთის დედაქალაქის ნავთობპროდუქტებით მომარაგებაში მონაწილეობს.
„უამრავი სამიზნე არსებობს, რომელთა განადგურებაც შეგიძლიათ, მაგრამ როდესაც თავს ესხმით დიზელის საწვავის გადამამუშავებელ ქარხნებს, სადაც დიზელს აწარმოებენ - ჩვენ ის გვჭირდება და მსოფლიოსაც სჭირდება - ამით მსოფლიოს სიკეთეს არ უკეთებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
რუსეთი, თავის მხრივ, უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო და დრონებით შეტევებს განაგრძობდა და სამიზნეში ენერგეტიკულ ობიექტებს, მათ შორის ელექტროსადგურებს იღებდა. თავდასხმების შედეგად ასობით ათას მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მოთმინების რესურსი ამოიწურა.





