მედია: ორეგონის სკოლაში მომხდარ სროლას სამი ბავშვი და მასწავლებელი ემსხვერპლა - ეჭვმიტანილი 16 წლის მოზარდია
მსოფლიო

ფოტო: Reuters
აშშ-ის ორეგონის შტატის ქალაქ ბენდის დაწყებით სკოლაში მომხდარ სროლას სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული პირი სკოლაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ეჭვმიტანილი 16 წლის მოზარდი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. ის ადგილობრივმა მცხოვრებმა სასიკვდილოდ დაჭრა.
დაღუპული ბავშვები 5, 8 და 11 წლის იყვნენ. პოლიციის ცნობით, საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს კიდევ ერთი, 7 წლის ბავშვი და 54 წლის მასწავლებელი.
პოლიციას ეჭვმიტანილის ვინაობა ოფიციალურად არ გაუმხელია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოზარდი ბენდის მცხოვრები იყო. სამართალდამცველებს ჯერ არ დაუზუსტებიათ, სწავლობდა თუ არა ის ამ სკოლაში ან ჰქონდა თუ არა კავშირი მის რომელიმე მოსწავლესთან ან თანამშრომელთან.
ასევე უცნობია იმ მოქალაქის ვინაობა, რომელმაც შეიარაღებული მოზარდი შეაჩერა. პოლიციის განცხადებით, დამატებითი ინფორმაცია, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.





