დანიაში მასწავლებლებს სკოლებში წესრიგის დასამყარებლად შესაძლოა „ფიზიკური ძალის“ გამოყენების უფლება მისცენ
მსოფლიო

ფოტო: IMAGO
დანიაში შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც, პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, მასწავლებლებს უფლებას მისცემს, გარკვეულ პირობებში ფიზიკურად შეაკავონ მოსწავლეები ან მათი სურვილის საწინააღმდეგოდ გაიყვანონ საკლასო ოთახიდან.
როგორც დანიის განათლების მინისტრმა მაგნუს ჰეუნიკემ განმარტა, ეს ზომა დასაშვები გახდება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები „საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავსა თუ გარშემომყოფებს“ ან „არსებითად არღვევენ წესრიგს“ გაკვეთილზე. ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარი არ ეხება მოსწავლის ფიზიკური ძალის გამოყენებით დასჯას.
„მასწავლებლებს არ უნდა ეპარებოდეთ ეჭვი იმაში, თუ რისი გაკეთების უფლება აქვთ სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში. არცერთ პედაგოგს ძალადობის აღკვეთის გამო სამსახურიდან გათავისუფლების არ უნდა ეშინოდეს“, - განაცხადა მინისტრმა.
საკანონმდებლო ინიციატივის საბაბი დანიურ სკოლებში აგრესიული და დესტრუქციული ქცევის გახშირებული შემთხვევები გახდა. დანიის შრომის ინსპექციის კვლევის თანახმად, გამოკითხულ მასწავლებელთა მეოთხედზე მეტმა აღნიშნა, რომ მოსწავლეთა მხრიდან მსგავს გამოვლინებებს უფრო ხშირად აწყდება. ამავე კვლევით დადგინდა, რომ დაახლოებით ყოველ მეხუთე კლასში ძალადობა უშუალოდ მასწავლებლებისკენ არის მიმართული.





