POLITICO: აშშ ევროკავშირისგან ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების დაბეგვრაზე უარის თქმას მოითხოვს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროკავშირის ლიდერებს აფრთხილებს, რომ თავი შეიკავონ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საერთო ევროპული გადასახადის დაწესებისგან. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
ვაშინგტონის განცხადება ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტის დაწყებას დაემთხვა, სადაც ბლოკის მომდევნო, გრძელვადიანი ბიუჯეტის დაფინანსების ახალი წყაროების მოძიებას განიხილავენ.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ევროკავშირის მასშტაბით ციფრული გადასახადის დაწესების წინადადებას, ისევე როგორც ვეწინააღმდეგებოდით და კვლავ ვეწინააღმდეგებით ციფრული მომსახურების სხვა გადასახადებს, რომლებიც ამერიკულ კომპანიებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს და ამავდროულად მომხმარებლებს აზარალებს“, - განუცხადა POLITICO-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შაბათს ციფრული გადასახადის შემოღების საკითხზე მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. ინიციატივის მიზანია ევროკავშირის 2 ტრილიონი ევროს ოდენობის გრძელვადიანი ბიუჯეტის დაფინანსება და მის მოცულობაზე შეთანხმების მიღწევის ხელშეწყობა.
გეგმის მიხედვით, გადასახადი შეეხება იმ კომპანიებს, რომელთა გლობალური წლიური ბრუნვა 750 მილიონ ევროს აღემატება, ხოლო ევროპაში მიღებული შემოსავალი სულ მცირე 50 მილიონი ევროა. ამ კრიტერიუმებში მოხვდებიან ისეთი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიც არიან Google, Meta და Amazon.
ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში ორდღიან საგანგებო სამიტზე ხუთშაბათს შეიკრიბნენ. მთავარი საკითხი მომდევნო ბიუჯეტის დაფინანსებაა - რამდენი უნდა დაიხარჯოს და როგორ შემცირდეს ეროვნული ბიუჯეტების დატვირთვა ახალი შემოსავლების წყაროების, ე.წ. საკუთარი რესურსების მოძიების გზით.
ევროკომისიამ საერთო ევროპული ციფრული გადასახადის შემოღება იდეა ჯერ კიდევ 2018 წელს წამოაყენა, თუმცა მოგვიანებით ინიციატივა შეაჩერა, რათა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებს გლობალური შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა მისცემოდა. ამის მიუხედავად, საფრანგეთმა, ავსტრიამ და იტალიამ ეროვნული გადასახადები შემოიღეს, რასაც დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის მხრიდან საპასუხო ზომებით მუქარა მოჰყვა.
ახლა საერთო ევროპული გადასახადის იდეა კვლავ აქტუალური ხდება. მის მხარდამჭერებს შორის არიან საფრანგეთი, დანია, ესპანეთი და იტალია. ინიციატივის განხილვა იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც ვაშინგტონი ევროკავშირს ახალი ტარიფების დაწესებითაც დაემუქრა, ამჯერად სამრეწველო ჭარბ წარმოებასთან დაკავშირებული ცალკე გამოძიების ფარგლებში.
ევროკავშირის ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, ციფრული გადასახადი მიზანშეწონილია, რადგან კომპანიები, რომლებსაც ის შეეხება, ერთიანი ბაზრით მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ, მაშინ როდესაც მათი გარკვეული საქმიანობა და მომსახურება სათანადოდ არ იბეგრება.
დიპლომატმა უარყო მოსაზრება, რომ ინიციატივამ შესაძლოა ვაშინგტონთან ურთიერთობა გაართულოს. მისი თქმით, წინასწარი მოლაპარაკებების დროს ახალი წინადადების მიმართ ძლიერი წინააღმდეგობა თითქმის არ გამოუხატავთ.
თუმცა, ევროკავშირის სამ დიპლომატზე დაყრდნობით, ინიციატივის მიმართ სიფრთხილეს ირლანდია, შვედეთი, მალტა, გერმანია და ნიდერლანდები იჩენენ. ვინაიდან ევროკავშირის მასშტაბით ახალი გადასახადის შემოღებას წევრი ქვეყნების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება, კოშტას წინადადების დამტკიცება ჯერჯერობით ნაკლებად მოსალოდნელია, - წერს გამოცემა.





