ზელენსკი: აშშ-ს „დიზელის შეთანხმება“ უკრაინასთან უნდა დაედო
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Getty Images
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინასთან „დიზელის შეთანხმების“ დადება არ აწყენდა, რადგან სწორედ კიევი წყვეტს, რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან რომელი იმუშავებს და რუსული ნავთობით დატვირთული რომელი გემები შეძლებენ ზღვაში ნავიგაციას. ამ თემაზე მან ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ისაუბრა.
ზელენსკიმ ეჭვი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის რუსული დიზელის საწვავის მიწოდებაზე მიღწეულ შეთანხმებას გლობალურ ბაზარზე გავლენა ექნება, რადგან, მისი თქმით, შეთანხმებული მოცულობა უმნიშვნელოა.
„თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს, ეს მისი ნებაა. მე მიმაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების უკან სხვა მოტივები დგას. თუ ასეა, მაშინ რატომ არ დებს ამერიკა დიზელის მიწოდების შესახებ შეთანხმებას უკრაინასთან? ჩვენ გვაქვს გავლენა იმაზე, იმოძრავებენ თუ არა ეს გემები. ჩვენ განვსაზღვრავთ, იმუშავებენ თუ არა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. მოდით, ეს გავაკეთოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ის კვლავ დაუბრუნდა ენერგეტიკული ზავის საკითხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის პრიორიტეტულია ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდება.
9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმდა. 11 ოქტომბერს კი ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შონის ენერგეტიკულ ზავი ამოქმედდა.





