კაია კალასმა ტრამპის მოწოდებას უპასუხა და აღნიშნა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტაა აუცილებელი
მსოფლიო

კაია კალასი
ფოტო: Getty Images
უკრაინაში არჩევნების ჩატარება მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ გახდება შესაძლებელი, ამიტომ საერთაშორისო ზეწოლა პირველ რიგში, რუსეთზე უნდა განხორციელდეს, - განაცხადა კაია კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასე დონალდ ტრამპის მოწოდების გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. კალასმა აღნიშნა, რომ თითქმის ყველა კონსტიტუცია კრძალავს არჩევნების ჩატარებას ომის დროს. მისი თქმით, შიდაპოლიტიკურმა ბრძოლამ არ უნდა დაარღვიოს ხალხის ერთიანობა საგარეო აგრესიის ფონზე.
„თუ რუსეთზე განხორციელდება ზეწოლა ომის შეწყვეტის მიზნით, დარწმუნებული ვარ, უკრაინაში არჩევნები ჩატარდება“, - დასძინა კალასმა.
ის ასევე დონალდ ტრამპის მიერ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსკოვი ზავის პირობებს არ ასრულებს.
„ჩვენ მივესალმებით ენერგეტიკულ ზავს, თუ მას იცავენ. ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვნახეთ, რომ რუსეთიც დაიცავს მას. პირადად მე ასევე მივესალმებოდი, ზავს, რომლის მიხედვითაც არა მხოლოდ ენერგეტიკა არ დაზიანდებოდა, არამედ ადამიანებიც არ დაიხოცებოდნენ“, - აღნიშნა კალასმა.





