ტრამპი: Medicaid-ი არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციებსა და ჰორმონოთერაპიას აღარ დააფინანსებს - არ დავაფინანსებთ იმას, რომ ჩვენმა უდანაშაულო ბავშვებმა გაიარონ ეს ბარბაროსული პროცედურები, უბრალოდ წარმოიდგინეთ ყველა ის პატარა, უდანაშაულო და, შესაძლოა, გზააბნეული ბავშვი, რომელიც ამას გადაურჩება
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: GettyImages
დღეს, ჩემი მითითებით, მეჰმეთ ოზმა გამოაცხადა, რომ სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა Medicaid-ი არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციებსა და ჰორმონოთერაპიას აღარ დააფინანსებს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ჩვენ არ დავაფინანსებთ იმას, რომ ჩვენმა უდანაშაულო ბავშვებმა გაიარონ ეს ბარბაროსული ოპერაციები და პროცედურები, რაც მათ ახალგაზრდა ორგანიზმს წარმოუდგენელ და შეუქცევად ზიანს აყენებს. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ამ საკითხზე ჩვენი მტკიცე პოზიციისა და ზეწოლის წყალობით, აშშ-ის ათობით საავადმყოფომ უკვე შეწყვიტა სქესის შეცვლის პროცედურები და ველით, რომ მათ კიდევ ბევრი მიჰყვება. უბრალოდ წარმოიდგინეთ ყველა ის პატარა, უდანაშაულო და, შესაძლოა, გზააბნეული ბავშვი, რომელიც ამას გადაურჩება!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„მაშინ, როცა დემოკრატიულ პარტიას სურს, თქვენს შვილებს ხმის მიცემის ასაკამდეც კი შეეძლოთ სასქესო ორგანოების დასახიჩრება, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მე!) და რესპუბლიკური პარტია ვამბობთ, რომ ეს სრული აბსურდია - ჩვენ დავიცავთ ამერიკელ ბავშვებს! გთხოვთ, ეს გახსოვდეთ, როდესაც ნოემბრის შუალედურ არჩევნებში ხმას მისცემთ“, - დასძინა მან.





