ფხენიანსა და სეულს შორის სამხედრო ცხელი ხაზი ამოქმედდა
მსოფლიო

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის ხელმძღვანელები
ფოტო: Associated Press
სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებების დროს გადაწყდა, რომ ოლიმპიადის მიმდინარეობისას ინციდენტების თავიდან არიდების მიზნით ფხენიანსა და სეულს შორის სამხედრო ცხელი ხაზი ამოქმედდება. ინფორმაციას yonhapnews-ი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით სამხრეთკორეელმა სამხედროებმა საკომუნიკაციო ხაზის მუშაობა უკვე შეამოწმეს. ეს კავშირი კორეის ნახევარკუნძულზე მწვავე დაპირისპირების დროს გაუქმდა.
მოლაპარაკებების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიადის მიმდინარეობისას სამხრეთ კორეა მზად არის ჩრდილოეთ კორეასთვის დაწესებული სანქციები შეამსუბუქოს.
დღეს მინისტრების დონეზე ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის მოლაპარაკებები დაიწყო. შეხვედრის მთავარი საკითხი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობა და ორმხრივი ურთიერთობის სტატუსი იქნება. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ორივე მხარე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან გამართავს მოლაპარაკებას.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის უმაღლესი დონის შეხვედრა ბოლოს 2015 წლის დეკემბერში გაიმართა.
სამხრეთ კორეამ ფხენიანს მაღალი დონის შეხვედრის გამართვა 2 იანვარს შესთავაზა. მანამდე, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩე ინი მიესალმა კიმ ჩენ ინის განცხადებას, რომ ჩრდილოეთ კორეას 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა სურს.
3 იანვარს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გასცა განკარგულება სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.





