Financial Times: ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ომის დასასრულებლად მომავალი შეთანხმების ფარგლებში პირველად აღიარა რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
GettyImages
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში ომის დასასრულებლად მომავალი შეთანხმების ფარგლებში პირველად აღიარა რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასავლურმა სახელმწიფოებმა შესაძლოა საბოლოოდ განიხილონ მოსკოვის მოთხოვნები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველ რიგში თავად კიევის უსაფრთხოების საჭიროებები უნდა დაკმაყოფილდეს.
„აქამდე კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები უარყოფდნენ რუსეთის მოთხოვნებს ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებასა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მასშტაბურ გადახედვაზე. ისინი ამ მოთხოვნებს მოსკოვის მიერ გავლენის სფეროების აღდგენისა და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის შერყევის მცდელობად მიიჩნევდნენ“, - წერს Financial Times-ი.
„ჯერ ეს ომი უნდა დავასრულოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვეძებოთ პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებსაც რუსეთი უსაფრთხოების შესახებ საკუთარი ხედვებისა და მოლოდინების საფუძველზე სვამს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს კიევში.
უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მომლაპარაკებლების ჯგუფები ნოემბრის დასაწყისში აბუ-დაბიში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს იქნება ტექნიკური მოლაპარაკებები შესაძლო დეესკალაციის ღონისძიებებზე - მათ შორის ენერგეტიკულ და საზღვაო ცეცხლის შეწყვეტაზე, რისი მიღწევაც აქამდე ვერ ხერხდებოდა - ასევე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განხილვაზე.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომისშემდგომ მოწესრიგებასა და უსაფრთხოების გარანტიებზე დისკუსიებში ევროპაც უნდა ჩაერთოს: „კონცეფციის დონეზე რუსებთან საკითხები შესაძლოა ამერიკული მედიაციით განვიხილოთ. მაგრამ თუ გადავალთ უსაფრთხოების გარანტიების ფორმატზე და შევთანხმდებით, რომ ამ გარანტიებს ევროპის ჩართულობა სჭირდება, მაშინ ევროპა ამ დისკუსიების ნაწილი უნდა იყოს“.





