Euronews: ევროპაში გაზის ფასმა 2022 წლის შემდეგ პირველად 100 ევროს გადააჭარბა
მსოფლიო

AP
ოთხშაბათს ნაშუადღევს ევროპული ბუნებრივი აირის ეტალონურ კონტრაქტზე ფასმა მეგავატ-საათში 100 ევროს გადააჭარბა - მსგავსი მაჩვენებელი ბოლოს 2022 წლის დეკემბერში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრის შედეგად გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის პიკზე დაფიქსირდა, - წერს Euronews-ი.
ამ ნიშნულს ფასმა მას შემდეგ მიაღწია, რაც სულ რამდენიმე საათით ადრე ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა, დან იორგენსენმა განაცხადა, რომ ბლოკი ახალი ენერგეტიკული კრიზისისა და მძიმე ზამთრის წინაშე დგას.
ევროპული გაზის ფასის ინდიკატორი - ნიდერლანდური TTF-ის მომდევნო თვის კონტრაქტი, ცენტრალური ევროპის დროით 16:00 საათისთვის, მეგავატ-საათზე 100.37 ევროს აღწევდა, რაც დღიურ 4%-ზე მეტ ზრდას ნიშნავს. თებერვლის ბოლოს, ირანის ომის დაწყებამდე, მისი ფასი დაახლოებით 32 ევროს შეადგენდა, თუმცა ის მაინც საგრძნობლად ჩამორჩება 2022 წლის აგვისტოში დაფიქსირებულ სარეკორდო მაჩვენებელს - დაახლოებით 340 ევროს.
„გეოპოლიტიკური ტურბულენტობის გამო, ევროპა კიდევ ერთი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას“, - განუცხადა იორგენსენმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს დილით, ბრიუსელში, ევროპელ ნავთობგადამამუშავებლებთან შეხვედრის შემდეგ.
„ჩვენ ვიცით, რომ ეს ზამთარი რთული იქნება ევროპელი მოქალაქეებისა და, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ევროკავშირში საწვავისა და ენერგიის გადასახადები „კატასტროფულად იზრდება“.





