ოლიმპიადის მიმდინარეობისას სეული მზად არის ფხენიანს სანქციები შეუმსუბუქოს
მსოფლიო

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის ხელმძღვანელები
ფოტო: Reuters
ოლიმპიადის მიმდინარეობისას სამხრეთ კორეამ შესაძლოა ჩრდილოეთ კორეასთვის დაწესებული სანქციები შეამსუბუქოს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოლიმპიადაში ჩრდილოკორეელთა ჩასართავად, თუ აუცილებელი იქნება, სანქციათა ნაწილს ოლიმპიადის დასრულებამდე შეამსუბუქებს.
ამასთან, ცნობილია, რომ ამ საკითხს სამხრეთ კორეა აშშ-სთან და გაეროს უშიშროების საბჭოსთან ერთად გადაწყვეტს.
დღეს მინისტრების დონეზე ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის მოლაპარაკებები დაიწყო. შეხვედრის მთავარი საკითხი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობა და ორმხრივი ურთიერთობის სტატუსი იქნება. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ორივე მხარე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან გამართავს მოლაპარაკებას.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის უმაღლესი დონის შეხვედრა ბოლოს 2015 წლის დეკემბერში გაიმართა.
სამხრეთ კორეამ ფხენიანს მაღალი დონის შეხვედრის გამართვა 2 იანვარს შესთავაზა. მანამდე, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩე ინი მიესალმა კიმ ჩენ ინის განცხადებას, რომ ჩრდილოეთ კორეას 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა სურს.
3 იანვარს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გასცა განკარგულება სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.





