ესპანური მედია: პუჩდემონი ბარსელონაში ბრუნდება
მსოფლიო

კარლეს პუჩდემონი
კატალონიის ყოფილი ლიდერი ბრიუსელიდან ბარსელონაში ბრუნდება, - ამის შესახებ გაზეთი La Vanguardia იმ რეისის მგაზვრებზე დაყრდნობით წერს, რომლითაც პუჩდემონი სამშობლოში მიფრინავს. მასთან ერთად იმყოფებიან კატალონიის ყოფილი შს მინისტრი და პუჩდემონის ყოფილი მრჩეველი.
გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიის ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლოს წინაშე, ყოფილი მთავრობის სხვა 13 პირთან ერთად, ჩვენება უნდა მისცეს. ეს, სავარაუდოდ, 2, ან 3 ნოემბერს მოხდება.
გუშინ გაკეთებული განცხადებით, პუჩდემონმა სამშობლოში დაბრუნება იმ შემთხვევაში დაუშვა, თუ მისი უსაფრთხოება იქნებოდა გარანტირებული.
მანამდე კი ესპანეთის პროკურატურამ რეგიონის ყოფილი ლიდერი და მისი მთავრობა ამბოხების ორგანიზატორობაში დაადანაშულა და გამოძიება დაიწყო.
გუშინვე ესპანეთის სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააუქმა.
27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა.
გამოცხადების შემდეგ ერთ საათში, ესპანეთის სენატმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას გულისხმობს, შესაბამისად რეგიონის ავტონომიის გაუქმებას. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც დეპუტატები ახალ რეგიონულ მთავრობას დანიშნავენ.





