სობჩაკი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას უარყოფს
მსოფლიო

ქსენია სობჩაკი
ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა რუსულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა მან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს, აბსურდული უწოდა. ამის შესახებ რუსული გამოცემა Лента წერს.
"მათ არ ჩათვალეს საჭიროდ, ჩემთვის რამე ეკითხათ და ინფორმაცია ამის შემდეგ გაევრცელებინათ. წერენ, რომ კრემლში ჩემს კანდიდატურას განიხილავენ, მაგრამ არ ვიცი, ვინ რას განიხილავს კრემლის კაბინეტებში. მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ამით ვამაყობ“, - აღნიშნა სობჩაკმა.
მანამდე Ведомости-მ დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი შესაძლოა ქალი გახდეს. შესაძლო კანდიდატებს კი კრემლში არჩევენ. კერძოდ კი, საუბარია სკანდალებით ცნობილ ქსენია სობჩაკზე.
"იდეალური ვარიანტი - ქსენია სობჩაკია, რომელიც იმ თანამედროვე ახალგაზრდა რუსი ქალბატონის იმიჯის დემონსტრირებაა, რომელსაც პოლიტიკაში წასვლა სურს", - წერს Ведомости.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი კანდიდატი სულ ორჯერ მონაწილეობდა. 2000 წელს კრემლის ლიდერობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამჟამინდელ თავმჯდომარე ელა პამფილოვას სურდა, რომელმაც მაშინ ხმების მხოლოდ 1 პროცენტი მიიღო, 2004 წელს კი ირინა ხაკამადას, რომელმაც ამომრჩეველთა მხოლოდ 3,84%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.





