ქსენია სობჩაკმა შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს
მსოფლიო

ქსენია სობჩაკი
კრემლი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ღირსეულ მეტოქეს ეძებს - ამ შინაარსის მქონე სტატიები რუსულ მედიაში აქტიურად ქვეყნდება. როგორც Ведомости წერს, რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი შესაძლოა ქალი გახდეს.
სააგენტოების ცნობით, განიხილება 5-7 კანდიდატი. მათ შორისაა სკანდალებით ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი.
"იდეალური ვარიანტი - ქსენია სობჩაკია, რომელიც იმ თანამედროვე ახალგაზრდა რუსი ქალბატონის იმიჯის დემონსტრირებაა, რომელსაც პოლიტიკაში წასვლა სურს", - წერს Ведомости. თუმცა, ამ თემაზე სობჩაკთან ოფიციალური საუბარი ჯერ არ შემდგარა, ამიტომ უცნობია, სურს თუ არა მას რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდო ქალ კანდიდატთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღიათ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი კანდიდატი სულ ორჯერ მონაწილეობდა. 2000 წელს კრემლის ლიდერობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამჟამინდელ თავმჯდომარე ელა პამფილოვას სურდა, რომელმაც მაშინ ხმების მხოლოდ 1 პროცენტი მიიღო, 2004 წელს კი ირინა ხაკამადას, რომელმაც ამომრჩეველთა მხოლოდ 3,84%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.





