აშშ-ის სენატმა ახალ ანტირუსულ სანქციებს მხარი დაუჭირა
მსოფლიო

ვაშინგტონი
აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი ახალ სანქციებზე რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 98-მა სენატორმა, წინააღმდეგ ხმა მისცა მხოლოდ ორმა, - წერს BBC.
კანონი ხელმოსაწერად გაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელსაც უფლება აქვს მას ვეტო დაადოს.
25 ივლისს, ახალ სანქციებს აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ დაუჭირა მხარი. კენჭისყრაზე ინიციატივამ როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მხარდაჭერა მოიპოვა. ამის შემდეგ გადაეგზავნა დოკუმენტი მხარდასაჭერად სენატს.
კრემლმა ფაქტი ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუარესებად შეაფასა, თუმცა სანქციების ამოქმედების შემდეგ საპასუხო რეაქციაზე ჯერ ოფიციალურად არაფერი უთქვამს. რუსული მედიის ინფორმაციით, ტრამპის მიერ კანონის ხელმოწერის შემთხვევაში მოსკოვი ქვეყნიდან, სავარაუდოდ, არაერთ ამერიკელ დიპლომატს გააძევებს და არსებითად შეამცირებს აშშ-ის დიპლომატიური მისიის თანამშრომლების რაოდენობას.
ლაპარაკია ასევე არასიმეტრიულ პასუხზეც. მაგალითად, კრემლმა შეიძლება უარი თქვას ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის გაძლიერება.





