ერდოღანმა საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმზე გატანის თარიღი დაასახელა
მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ ამ კვირის ბოლოს რეფერენდუმზე გავა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.
პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ თურქეთის პარლამენტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ახლა საკონსტიტუციო ცვლილების რეფერენდუმზე გატანას უნდა უყარონ კენჭი. „თუკი პარლამენტი სტაბილურად იმუშავებს, საკონსტიტუციო ცვლილებები რამდენიმე დღეში რეფერენდუმზე გავა. ხოლო თუკი საკანონმდებლო ორგანო ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, შეიძლება ვადამდელ არჩევნებზეც ვიფიქროთ“, - განაცხადა ერდოღანმა ტელეკომპანია NTV-სთან ინტერვიუში.
საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც თურქეთში საპარლამენტოს ნაცვლად საპრეზიდენტო მართვის სისტემის შემოღებას გულისხმობს, პარლამენტში მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ შეიტანა.





