ზიდანი ფრანგებს ლე პენისთვის ხმის მიცემისგან "თავის შეკავებას" სთხოვს
მსოფლიო

ზინედინ ზიდანი
საფრანგეთის ლეგენდარული ფეხბურთელი ზინედინ ზიდენი მოუწოდებს მის თანამემამულეებს, გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ „ნაციონალური ფრონტის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა მარინ ლე პენმა არჩევნების მეორე ტურში არ გაიმარჯვოს. ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ი.
„ახლაც 2002 წლის მსგავსი მდგომარეობაა. მე ძალიან შორს ვარ „ნაციონალური ფრონტის“ ღირებულებებისგან და ვთვლი, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად. ექსტრემიზმი კარგი არასოდეს ყოფილა“,- განაცხადა ზიდანმა, რომელიც საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად და ფეხბურთის მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა.
საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის მეორე ტურში ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი იბრძოლებენ. არჩევნების მეორე ტური 7 მაისს ჩატარდება.





