imedi
ბორის ჯონსონი: თუ აშშ ასადის თაობაზე დახმარებას გვთხოვს უარს ვერ ვეტყვით
მსოფლიო

ბორის ჯონსონი
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი განმეორდება, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, სავარაუდოდ, ვაშინგტონს მხარს დაუჭერს, მათ შორის, სამხედრო ძალითაც. ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.
"თუ ასადის რეჟიმი კვლავ აიძულებს ამერიკელებს ჩაერიოს და ჩვენ ისინი დახმარებას გვთხოვენ, ძალიან რთული იქნება მათთვის უარის თქმა", - აცხადებს ჯონსონი. ბორის ჯონსონმა ასევე დაამატა, რომ ეს, პირველ რიგში, საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის საკითხს ეხება.
ამავე დროს, მინისტრმა განაცხადა, რომ მან არ იცის, დასჭირდება თუ არა ამ ქმედებას პარლამენტის თანხმობა, რომელმაც 2013 წელს დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების სირიის ოპერაციებში მონაწილეობის საკითხი დაბლოკა.
7 აპრილს, დილით ამერიკულმა ხომალდებმა სირიის ტერიტორია საკრუიზო რაკეტებით დაბომბა. როგორც პენტაგონის წარმომადგენელი იუწყება, სირიის ავიაბაზა "შაირათის" ტერიტორიისაკენ 59 რაკეტა გაუშვეს. ეს ფაქტი სირიის სახელმწიფო ტელემაუწყებლობამაც დაადასტურა.





