ნათია სონღულაშვილი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი შეიძლება ხვალ გადადგეს
მსოფლიო

პედრო არგამუნტი
ევროპის სახალხო პარტიის წევრი და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი შესაძლოა ხვალ გადადგეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავმჯდომარე კვლავ სახალხო პარტიიდან იქნება. თავმჯდომარეობის კანდიდატად ევროსაბჭოში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ხელმძღვანელი აქსელ ფიშერი სახელდება. სხვა პარტიული ჯგუფი აგრამუნტის შემცვლელის კანდიდატურას არ დააყენებს, რადგან როტაციის მიხედვით საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობა 2017 წელს ევროპის სახალხო პარტიას ეკუთვნის.საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევის საკითხი კი ივნისში საზაფხულო სესიაზე დადგება.
სტრასბურგში ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პედრო აგრამუნტის გადადგომას ემხრობა. პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა კი აღნიშნა, რომ ქართულ დელეგაცას აგრამუნტის გადადგომასთან დაკავშირებით მოთხოვნა დაყენებული არ აქვს, თუმცა ამას ითხოვენ პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ის პარტია, რომლის წევრებიც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არიან.
ევროპარლამენტარები პედრო აგრამუნტის გადადგომას სირიაში მისი ვიზიტის და პრეზიდენტ ბაშარ ასადთან შეხვედრის გამო ითხოვენ. ამ საკითხს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს ხმაური მოჰყვა. აგრამუნტიმ სხდომათა დარბაზიც კი დატოვა. პედრო აგრამუნტის სირიის პრეზიდენტთან შეხვედრას რუსეთის დუმის დეპუტატი ესწრებოდა.





