imedi
ვენესუელა ამერიკის სახელმწიფოთა გაერთიანებიდან გადის
მსოფლიო

დღეიდან, ვენესუელა ამერიკის სახელმწიფოთა გაერთიანებიდან (OAS) გასვლის პროცედურას იწყებს. BBC-ის ცნობით,ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დელსი როდრიგესმა განაცხადა. ვენესუელა გახდება ერთდაერთი ამერიკული სახელმწიფო, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრი არ იქნება. „ჩვენ ორგანიზაციას წერილობით პრეტენზიებს წარვუდგენთ და გასვლის პროცედურებს დავიწყებთ, რომელიც 2 წელი გაგრძელდება,“-დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელევიზიო მიმართვისას.
მისივე თქმით, შესაბამისი დავალება ქვეყნის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსაგან მიიღო.
ოთხშაბათს, ამერიკის სახელმწიფოთა გაერთიანების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც ვენესუელაში არსებული სიტუაცია განიხილეს. სწორედ ამ სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ ვენესუელა გაერთიანებიდან გადის.
ამის შესახებ მადურომ Twitter-ის გვერდზე დაწერა. „ ჩვენ ყველას ვაიძულებთ ჩვენი ქვეყნის პატივისცემას. მე, როგორც პრეზიდენტმა გავეცი განკარგულება ამერიკის სახელმწიფოთა გაერთიანებიდან დაუყოვნებლივი გასვლის შესახებ,“- წერს მადურო.
El presidente venezolano confirmó que su país se retirará de la OEA para acabar con los abusos intervencionistas https://t.co/YOdCHucePR pic.twitter.com/TiCrB39U9A
— teleSUR TV (@teleSURtv) 27 апреля 2017 г.
ამასთან, გასვლის პროცედურა საკმაოდ რთულია. ვენესუელას მოუწოვეს გაერთიანების მიმართ არსებული დავალიანება დაფაროს, რომელიც 8,7 მილიონი დოლარია.
ვენესუელაში მასშტაბური პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია. უკვე ერთი თვეა ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და ციხიდან ოპოზიციის ლიდერების გამოშვებას ითხოვენ. აქციების დროს, პოლიციასთან შეტაკებების შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა.





