Twitter-მა ბრიტანული დაზვერვის ექაუნთები გააუქმა
მსოფლიო

Twitter-მა დიდი ბრიტანეთის პოლიციისა და სადაზვერვო სამსახურის MI5-ის ანგარიშები დაბლოკა. ყალბ ანგარიშებს სამართალდამცავი სტრუქტურები სოციალურ ქსელში ტერორისტების გამოსავლენად იყენებდნენ. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პოლიცია და MI5, მესამე მხარის დახმარებით, ყალბი ექაუნთების გამოყენებით ტერორისტებსა და მათთან კავშირში მყოფ მომხმარებლებს ეძებდნენ. Twitter-მა ე.წ. მესამე მხარესთან დადებული შეთანხმება მომხმარებელთა ინფორმაციის დაცვის მოტივით შეწყვიტა.
გამოცემა წერს, რომ Twitter-ის გადაწყვეტილებით სამართალდამცავ ორგანოებსა და ხელისუფლების შტოებში უკმაყოფილოები არიან. მათი თქმით, Twitter-ზე ყალბი ექაუნთებით სავარაუდო დამნაშავეების ძებნა ბრიტანეთის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი იყო.
Daily Mail-ის სტატიიდან ირკვევა, რომ Twitter-ი ამ გადაწყვეტილების პარალელურად, მსხვილი კომერციული ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელსაც კომპანიები სამიზნე აუდიტორიაზე გათვლილი რეკლამის განსათავსებლად იყენებენ, უარს არ ამბობს.





