ნეთანიაჰუმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე უარი თქვა
მსოფლიო

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზიგმარ გაბრიელთან შეხვედრა გადადო - იტყობინება Bild.
გამოცემა ამ გადაწყვეტილებას სკანდალურს უწოდებს. გერმანია-ისრაელის ურთიერთობების გაცივებას ოფიციალური ბერლინის კრიტიკას უკავშირებენ თელ-ავივის მხრიდან ოკუპირებულ პალესტინაში სადავო ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების ლეგალიზებასთან დაკავშირებით. ამ მიზეზით, ერთობლივ სამიტზე ისრაელის პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა თებერვალში უარი განაცხადა. თუმცა იერუსალიმში 10 მაისს დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების ოფიციალურ მიზეზად გერმანიაში სექტემბერში დაგეგმილი არჩევნები დაასახელეს.
ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას კი გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლების იმ არასამთავრობოებთან შეხვედრებს უკავშირებენ, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი ისრაელის ხელისუფლების მიმართ. პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებამდე, 24 აპრილს გერმანულ მხარეს, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენეს, რათა შეეწყვიტათ ასეთი შეხვედრები და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდებოდა გაბრიელისა და ნეთანიაჰუს შეხვედრა.
გერმანიის მთავარი დიპლომატი მაინც შეხვდა ორგანიზაციას "დუმილის შეწყვეტა", რომელიც აგროვებს და ავრცელებს ისრაელის არმიის სამხედროების მხრიდან პალესტინელების მიმართ კანონდარღვევების და დანაშაულებათა შესახებ ინფორმაციებს.
ზიგმარ გაბრიელი თავისი პროპალესტინური პოზიციებით არის ცნობილი. 2012 წელს მან ისრაელს "აპარტეიდის რეჟიმის ქვეყანა" უწოდა.





