CBS News
შტატები: თალიბანს იარაღით რუსეთი ამარაგებს
მსოფლიო

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნების მტკიცებით, თალიბანს იარაღით რუსეთი ამარაგებს.
"რუსეთი ავღანეთში სტრატეგიული მეტოქის როლის შესრულებას ცდილობს", - ამბობს ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული და საერთაშორისო ძალების სარდალი, გენერალი ჯონ ნიკოლსონი.
შტატების დაზვერვის ინფორმაციით, რუსები თალიბანს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის მოტივით იარაღით აქტიურად ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ამარაგებენ. რუსული იარაღი ავღანეთის იმ რაიონებშიც აღმოჩნდა, სადაც ისლამური სახელმწიფო საერთოდ არ ფიგურირებს. თალიბები ძირითადად კოალიციის ძალებს ესხმიან თავს.
21 აპრილს თალიბები მაზარ ი შარიფში სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს. დაიღუპა 140 ადამიანი. 24 აპრილს კი, ხოსთის პროვინციაში სამხედრო ბაზასთან მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა.
ავღანეთის თავდაცვის მინისტრი და გაერთიანებული შტაბის უფროსი გადადგნენ. ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტით შტატების თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი ჩავიდა.





