imedi
ლე პენმა "ნაციონალური ფრონტის" თავმჯდომარის პოსტი დატოვა
მსოფლიო

მარინ ლე პენი
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მარინ ლე პენმა საკუთარი პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ლე პენმა ტელევიზია France 2-ს განუცხადა, მან მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს პარტია "ნაციონალური ფრონტის" ხელმძღვანელის თანამდებობა. ამის შესახებ ლე პენმა Twitter-ზეც დაწერა.
"ამ საღამოს გადავწყვიტე, რომ დავტოვო "ნაციონალური ფრონტი". მე ვდგები პარტიულ მოსაზრებებზე მაღლა. მე ვარ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი" - განაცხადა ლე პენმა.
"Je me mets en congé de la présidence du @FN_officiel : je ne suis plus que la candidate à la présidentielle." #JT20h pic.twitter.com/4XaLe8rcIq
— Marine Le Pen (@MLP_officiel) April 24, 2017
უცნობია, მარინ ლე პენმა პარტია სამუდამოდ დატოვა თუ მხოლოდ არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდე.
48 წლის მარინ ლე პენი არის "ნაციონალური ფრონტის" ლიდერი 2011 წლიდან. პარტიის თავმჯდომარედ არჩევისას მან განაცხადა, რომ პარტიას რასისტული და ანტისემიტური იმიჯისგან გაათავისუფლებდა.
ლე პენი გამარჯვების შემთხვევაში ფრანგ ამომრჩევლებს ჰპირდება: ა) საფრანგეთის ევროკავშირიდან და ნატოდან გაყვანას; ბ) რეფერენდუმის ჩატარებას საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლაზე; გ) პროტექციონისტული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას; დ) საფრანგეთის ეროვნული ვალუტის - ფრანკის დაბრუნებას.
მისი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ქვაკუთხედია მიგრანტების ყოველწლიური მაჩვენებლის 10 000-მდე შემცირება და მათ მიერ სახელმწიფო სერვისებზე წვდომის შეზღუდვა.
საერთაშორისო ასპარეზზე, ემხრობა რუსეთთან და მის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან დაახლოებას; აკრიტიკებს გლობალიზაციას და „რადიკალურ ისლამთან“ ბრძოლის პირობას დებს.
მარინ ლე პენმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების I ტურში ხმათა 21.3% (მხარი დაუჭირა 7,679,493-მა ადამიანმა) აიღო და შესაბამისად გადავიდა მეორე ტურში, სადაც პირველ ადგილზე გასულ, მოძრაობა "წინ" ხელმძღვანელს ემანუელ მაკრონს დაუპირისპირდება. მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.





