imedi
სექსუალურ შევიწროებაში Fox News-ის კიდევ ერთ წამყვანს ადანაშაულებენ
მსოფლიო

დები შლასელი შონ ხანიტი
პოლიტიკურმა მიმომხილველმა დები შლასელმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია Fox News-ის ერთ-ერთი შოუს წამყვანი შონ ჰენიტი მას სექსუალურად ავიწროებს. ამის შესახებ გამოცემა New York Daily News-ი წერს. შლასელმა, რომელიც ადრე ტელეკომპანიისთვის წერდა, რადიო Pat Campbell-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰენიტიმ ის ერთ-ერთი ღონისძიების დროს სასტუმროს ნომერში არაერთხელ დაპატიჟა. ამასთან, მან არ დააკონკრეტა, როდის მოხდა ეს შემთხვევა.
შლასელის განცხადებით, მან ამ წინადადებაზე უარი თქვა. ამის გამო კი, მოგვიანებით, ჰენიტის შოუში მას არაფრის თქმის უფლება არ მისცეს. თავად წამყვანმა კი შოუს შემდეგ კიდევ ერთხელ შესთავაზა ნომერში ასვლა და მორიგი უარის შემდეგ, უყვირა.
ჟურნალისტის ბრალდებას უკვე გამოეხმაურა შონ ჰენიტი. მან განაცხადა, რომ შლასელის ნათქვამი სიცრუე და ფაბრიკაციაა.
აპრილში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც Fox News-ის წამყვანი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს. ცოტა ხნის წინ, Fox News-მა მისი ლეგენდარული წამყვანის ბილი ო'რაილის ტელევიზიიდან გაშვება დაადასტურა. აპრილის დააწყისში პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუთ ქალს, რომლებმაც ო'რაილი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს, Fox News-მა 13 მილიონი დოლარი გადაუხადა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ამერიკელმა საზოგადოებრივმა აქტივისტებმა ჟურნალისტის არხიდან გათავისუფლება მოითხოვეს.





