ფრანსუა ოლანდმა თავის საარჩევნო უბანზე ხმა მისცა
მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. მან ხმა ქალაქ ტულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისცა. ეს ის ქალაქია, რომლის მერიც ოლანდი 2001-2008 წლებში იყო.
ფრანსუა ოლანდმა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პერიოდში თქვა, რომ ის რომელიმე კანდიდატის მიმართ მხარდაჭერას მაშინ გამოხატავს, როდესაც ცნობილი გახდება არჩევნების მეორე ტურში გადასული საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა.
საფრანგეთში დღეს რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან (თბილისის დროით 10:00 საათიდან) საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის აირჩევენ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურება, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში - 20:00 საათზე.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურის უსაფრთხოებისთვის 50 000 პოლიციელი და 7 000 სამხედროა მობილიზებული. არჩევნები 66 546 უბანზე ტარდება. თითოეულ უბანს პოლიციის მობილური ჯგუფები იცავს. უსაფრთოხების ზომები ქვეყანაში მას შემდეგ გამკაცრდა, რაც არჩევნების პირველ ტურამდე სამი დღით ადრე პარიზში, შანზ-ელიზეზე პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატიას ფეკლის განცხადებით, „ქვეყანაში ტერორისტული საფრთხე მაქსიმალურ დონეზეა“.





