პაკისტანში ქალებმა მკრეხელობაში ეჭვმიტანილი მქადაგებელი მოკლეს
მსოფლიო

პაკისტანის ქალაქ სიალკოტში ქალებმა შიიტების მქადაგებელი მოკლეს, რომელსაც 10 წლის წინ მკრეხელობაში დასდეს ბრალი. ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ი.
პოლიციის ცნობით, ფაზალ აბასის სახლში, სადაც ის ლოცვებით ხალხს კურნავდა, ბურკაში გამოწყობილი სამი ქალი მივიდა. მათ მქადაგებელს განკურნების რიტუალის ჩატარება სთხოვეს, რომლის დროსაც ერთ-ერთმა ქალმა პისტოლეტიდან ესროლა.
პოლიციამ დამნაშავეები დააკავა. ისინი ამტკიცებენ, რომ თავიანთი ინიციატივით მოქმედებდნენ, მაგრამ აბასის ნათესავებს მიაჩნიათ, რომ ისინი სუნიტ-კონსერვატორებთან არიან კავშირში.
კონსერვატორებმა, შიიტი მკურნალი ფაზალ აბასი 2004 წელს მკრეხელობაში დაადანაშაულეს. მაშინ, სიკვდილს თავი დანიაში გაქცევით უშველა, რამდენიმე ხნის წინ კი პაკისტანში დაბრუნდა და სასამართლოს განაჩენამდე გირაოთი იყო გათავისუფლებული.





