ვენესუელაში ანტისამთავრობო აქციაზე შეტაკებებს 3 ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

ვენესუელა
ვენესუელაში საპროტესტო აქციისას მომხდარი შეტაკებისას სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დაღუპულთა შორის ორი სტუდენტი და ერთი ნაციონალური გვარდიის თანამშრომელია. მედიის ცნობით, სამივე დაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში, ამ თვეში, ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ რვას მიაღწია.
აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. საპროტესტო აქციაში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
საპასუხოდ, პრეზიდენტის მომხრეები ქუჩაში გამოვიდნენ, რის შედეგადაც პოლიტიკურ ოპონენტებს შორის შეტაკებები მოხდა.
აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არეულობების შედეგად 400 ადამიანი დააკავეს. გაზეთ El Nacional-ის თანახმად, არეულობების შედეგად 42 ადამიანი დაშავდა.





