Fox News-მა ბილი ო'რაილის არხიდან გაშვების ფაქტი დაადასტურა
მსოფლიო

ბილი ო'რაილი
Fox News-მა მისი ლეგენდარული წამყვანის ბილი ო'რაილის ტელევიზიიდან გაშვება დაადასტურა. The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ცნობილ ამერიკელ წამყვანს ქალი კოლეგების სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, რის გამოც ტელევიზია მასთან თანამშრომლობის შეწყვეტას აპირებდა.
"ბრალდებების სრული და დეტალური შესწავლის შემდეგ, კომპანია და ბილი ო'რაილი შეთანხმდნენ, რომ ბილი ო'რაილი აღარ დაბრუნდება ტელეკომპანია Fox News-ზე", - ნათქვამია 21st Century Fox-ის განცხადებაში.
The Wall Street Journal-ის ცნობით, აპრილის დააწყისში პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუთ ქალს, რომლებმაც ო'რაილი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს, Fox News-მა 13 მილიონი დოლარი გადაუხადა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ამერიკელმა საზოგადოებრივმა აქტივისტებმა ჟურნალისტის არხიდან გათავისუფლება მოითხოვეს.
11 აპრილის შემდეგ ბილი ო'რაილი Fox News-ის ეთერში აღარ გამოჩენილა.
მანამდე, ცნობილი ამერიკელი წამყვანისგან ვლადიმერ პუტინის "მკვლელად" მოხსენიებისთვის ბოდიშის მოხდას კრემლი ითხოვდა. თებერვალში, ინტერვიუს დროს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ო'რაილიმ უთხრა, რომ რუსეთში ჟურნალისტებს და ოპოზიციონერებს კლავენ და რომ "ის [პუტინი] მკვლელია", რაზეც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "აშშ-შიც ბევრი მკვლელია და ჩვენი ქვეყანა არცთუ ისე უცოდველია".
ო'რაილის კრემლისთვის ბოდიში არ მოუხდია.





