Imedi
ტუსკი პოლონეთში დაკითხვაზე ჩავიდა
მსოფლიო

დონალდ ტუსკი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პოლონეთში დაკითხვაზე ჩავიდა. დონალდ ტუსკს რკინიგზის სადგურში მომხრეები და მოწინააღმდეგეები დახვდნენ.
საქმე ეხება მისი პრემიერობის პერიოდში რუსეთის და პოლონეთის სპეცსამსახურებს შორის შესაძლო უკანონო კავშირებს.
პოლონეთის მთავრობა ყოფილ პრემიერს ღალატშიც ადანაშაულებს. თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, დონალდ ტუსკმა ქვეყნის ინტერესებს უღალატა, როდესაც ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამოსაძიებლად აუცილებელი ზომები არ მიიღო.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მის დაკითხვაზე დაბარებას ალქაჯებზე ნადირობად და დისკრედიტაციად აფასებს.
პოლონეთის პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში 2010 წლის 10 აპრილს დაიღუპა. თვითმფრინავი რუსეთში, სმოლენსკში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას 96 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - პირველი ლედი, არმიის შტაბის უფროსი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური და სასულიერო პირები.
ლეხ კაჩინსკის მონაწილეობა უნდა მიეღო კატინის ტყეში დახოცილი ათასობით პოლონელის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. 1940 წლის აპრილ-მაისში ყოფილი სსრკ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (НКВД) 21 857 პოლონელი დახვრიტა.
პოლონელების 75 %-ს მიაჩნია, რომ ტუსკის კაბინეტს რუსეთისთვის ავიაკატასტროფის პირველადი გამოძიების ჩატარების უფლება არ უნდა მიეცა.
დონალდ ტუსკი, ვარშავის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ის პოლონეთის პრემიერი 2007-2014 წლებში იყო.





