დავით კაპიტანოვი
Real-თან მარცხის შემდეგ Bayern-ის ფეხბურთელებმა მსაჯების ოთახში შეჭრა სცადეს
მსოფლიო
Real Madrid - Bayern Meunchen-ის გუშინდელი შეხვედრა დღეს მსოფლიოს წამყვანი სპორტული გამოცემების მთავარი თემაა.
თითქმის ყველა გამოცემა მთავარი მსაჯის, უნგრელი ვიქტორ კაშაის შეცდომებზე წერს. ერთ-ერთმა ესპანურმა გაზეთმა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც Bayern-ის ფეხბურთელებმა: არტურო ვიდალმა, ტიაგო ალკანტარამ და რობერტ ლევანდოვსკიმ მატჩის დასრულებისთანავე მსაჯების ოთახში შეჭრა სცადეს, მაგრამ სამივე მათგანი ადგილზე მობილიზებულმა დაცვის თანამშრომლებმა შეაჩერეს და სიტუაცია განიმუხტა.
თამაშის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა Bayern-ის მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, რომელმაც მსაჯის პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ დააყენა და მოითხოვა ე.წ. Goal-line ტექნოლოგიის გამოსწორება. "ასეთი შეცდომები ამ დონის თამაშებზე არ უნდა ხდებოდეს," - განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ უნგრელმა არბიტრმა, საკმაოდ საკამათო ვითარებაში, არტურო ვიდალი გააძევა, შემდეგ კი კრიშტიანო რონალდოს მიერ თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლი ჩათვალა. თამაში 4:2 Real-ის სასარგებლოდ დასრულდა.





