სარკოზი ფრანგებს ფრანსუა ფიიონის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
მსოფლიო

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა თანამემამულეებს 23 აპრილს, არჩევნების პირველ ტურში რესპუბლიკელი ფრანსუა ფიიონის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ამის შესახებ BFMTV იუწყება.
“მე მასთან 5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი და ვიცი, რომ მისი ნდობა შეიძლება“ - განაცხადა ყოფილმა ლიდერმა.
ფიიონი სარკოზის პრეზიდენტობის დროს ქვეყნის პრემიერი იყო. გასული წლის შემოდგომით რესპუბლიკელების პრაიმერიში მან სარკოზი დაამარცხა. სწორედ ამის შემდეგ განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
ერთხანს რესპუბლიკელები ფიიონის კანდიდატურის შეცვლასაც გეგმავდნენ. ამის მიზეზი მისი და მისი მეუღლის გარშემო აგორებული სკანდალი გახდა.
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მეუღლეზე პენელოპა ფიიონზე ფიქტიური დასაქმების ბრალდებით ოფიციალური გამოძიება დაიწყო.
დაკითხვის შემდეგ, პენელოპა ფიიონს ძალაუფლების უკანონო გამოყენებაში, საჯარო სახსრების გამოყენებასა და თაღლითობაში ადანაშაულებდენ. 14 მარტს თავად ფრანსუა ფიიონსაც წაუყენეს ბრალი.
რესპუბლიკური პარტიის ამ გადაწყვეტილებას ხალხმრავალი გამოსვლები მოჰყვა საფრანგეთში და დღეს ფიიონი კვლავ პრეზიდენტობის კანდიდატია.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი იღებს მონაწილეობას. მათგან მხოლოდ ოთხს აქვს რეალური შანსი გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი, რომელთა შორის ფრანსუა ფიიონიც სახელდება.





