დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა
მსოფლიო

ტერეზა მეი
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ 8 ივნისს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომლის შედეგადაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება. ამის შესახებ Sky News-ი იუწყება.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ევროკავშირიდან გასვლაზე (Brexit) ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ ქვეყანას სტაბილურობა და ძლიერი მთავრობა სჭირდება. „მე ახლახანს გავმართე მინისტრთა კაბინეტის სხდომა, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები 8 ივნისს გაიმართება. ქვეყანას ძლიერი მთავრობა სჭირდება,“- განაცხადა დღეს ტერეზა მეიმ.
BBC-ის ცნობით, არჩევნების გამართვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში 19 აპრილს შევა. გადაწყვეტილების მისაღებად, პარლამენტართა ორი მესამედის თანხმობაა საჭირო.
არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება ბრიტანეთის პრემიერმა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების ფონზე მიიღო, რომლის მიხედვითაც მმართველი კონსერვატიული პარტია პოპულარობის რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ტერეზა მეიმ 29 მარტს ხელი მოაწერა წერილს, რომლითაც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა - Brexit-ი ოფიციალურად დაიწყო.
ოფიციალური შეტყობინება ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის მიხედვითაა შედგენილი. დოკუმენტი ევროკავშირის პრეზიდენტ დონალდ ტუსკს 29 მარტს წარედგინება. გეგმის მიხედვით, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს საბოლოოდ 2019 წლის მარტში დატოვებს.
ლორდთა პალატამ Brexit-ის კანონი 14 მარტს დაამტკიცა. დედოფალმა ელისაბედ II-მ დოკუმენტს ხელი 16 მარტს მოაწერა.





