imedi
თურქეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გახანგრძლივდება
მსოფლიო

სტამბოლი
თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით გაახანგრძლივა. ეს გადაწყვეტილება დასამტკიცებლად თურქეთის პარლამენტში გადაიგზავნა. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ვიცეპრემიერმა ნუმან კურტულმუშმა განაცხადა.
„ეროვნული უშიშროების საბჭომ გასცა რეკომენდაცია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და პარლამენტს გადავუგზავნეთ შესაბამისი მოთხოვნა,“- განაცხადა ვიცეპრემიერმა ჟურნალისტებთან საუბარში.
გუშინ, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა (HRW) თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმოს. „თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი უნდა გააუქმოს და ადამიანის უფლებების დაცვას სერიოზულად მიუდგეს პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებულობის მიუხედავად,“-ნათქვამია HRW-ის ანგარიშში.
თურქეთში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი გასული წლის ივლისში ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო მიიღეს. ამის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა კიდევ ორჯერ გახანგრძლივდა სამ-სამი თვით.
თურქეთში 16 აპრილს საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმის შედეგებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 51,41 %–მა დაუჭირა. მასში 55 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.





