ერდოღანი ეუთოს: იცოდეთ თქვენი ადგილი!
მსოფლიო

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი თურქეთში გამართული რეფერენდუმის შესახებ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებას არ ეთანხმება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"იცოდეთ თქვენი ადგილი," - ასე პასუხობს დამკვირვებლების შეფასებას თურქეთის პირველი პირი, რომელიც 16 აპრილს საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამართული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გახდება.
თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი ევროსაბჭოს სტანდარტებს არ შეესაბამებოდა - ასე შეაფასა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ცეზარ ფლორინ ფრედამ 16 აპრილს თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამართული რეფერენდუმი.
ეუთოს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამომრჩევლებს არ მიაწოდეს ობიექტური ინფორმაცია რეფორმის მომავალ ასპექტებზე. ასევე ხაზგასმულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეებსა და მოწინააღდეგეებს არ ჰქონდათ თანაბარი ხელმისაწვდომობა მედიასაშუალებებში.
რეფერენდუმზე გამოტანილი საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.





