აშშ და სამხრეთ კორეა ახალი პროვოკაციების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეის დასჯას გეგმავენ
მსოფლიო

მაიკ პენსი
აშშ და სამხრეთ კორეა, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან პროვოკაციების გაგრძელების შემთხვევაში, მის სათანადოდ დასჯას გეგმავენ. ინფორმაციას ავრცელებს Retuers-ი.
ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პრემიერმინისტრმა ხვამ გი ანმა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან, მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა."ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სამომავლო პროვოკაციების შემთხვევაში, კორეის რესპუბლიკა და აშშ ძლიერ სადამსჯელო ღონისძიებებს განახორციელებენ", - აცხადებს პრემიერმინისტრი ანი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ სპეციალური ტაქტიკური სამხედრო ძალები გააძლიერა.
ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში 15 აპრილს სამხედრო აღლუმი გაიმართა. აღლუმზე ჩრდილოეთ კორეამ პირველად აჩვენა წყალქვეშა ბალისტიკური რაკეტები. დღესასწაული ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ საერთაშორისო დაძაბულობის გაძლიერების ფონზე მიმდინარეობდა.
14 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, ჩრდილოეთ კორეისკენ გაგზავნილმა ატომურმა ავიამზიდმა, რომელიც ფრთოსანი რაკეტებითაა აღჭურვილი, იერიშისთვის ხელსაყრელი პოზიცია დაიკავა. პენტაგონმა ბომბდამშენები გუამის ბაზაზეც გაგზავნა.
ჩრდილოეთ კორეამ 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე 20 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა და 2 ბირთვული ცდა ჩაატარა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს.





