imedi
აშშ-ში ბებიას შვილიშვილზე ძალადობის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
მსოფლიო
აშშ
ოკლაჰომა-სიტიში ადგილობრივ მცხოვრებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან ის ბოროტი დედაბრის ფორმაში გამოწყობილი თავის 7 წლის შვილიშვილს აშინებდა, იუწყება Associated Press.
51 წლის ჟენევა რობინსონმა თებერვალში ბავშვზე სასტიკი მოპყრობის 5 შემთხევევა აღიარა. მან თქვა, რომ დედაბრის ფორმაში გამოწყობილი გოგონას კისერს უკაწრავდა, სახეში და ხელებზე სცემდა, ძილის დროს თმას აჭრიდა.
„რასაც ის შვრებოდა, საშინელებაა, ეს ფაქტები გოგონას და მისი და-ძმის ფსიქიკაზე სამუდამოდ აისახება“, - თქვა საოლქო პროკურორის თანაშემწემ მერიდიტ ისტერმა.
სასამართლოზე მობილური ტელეფონით გადაღებული 3-წუთიანი ვიდეო გაუშვეს, სადაც კარგად ჩანს შავ ტანსაცმელში გამოწყობილი რობინსონი, რომელსაც ნიღბის მსგავსი რაღაც უკეთია, ხელები კი მწვანედ აქვს შეღებილი.
დაცვის მხარემ განაცხადა, რომ რობინსონს „არ ჰქონდა ძალა გაეკონტოლებინა ბავშვი“, თუმცა „ზედმეტი მოუვიდა“. ქალმა აღიარა, რომ ის ბიპოლარულ აშლილობას და შიზოფრენიას მკურნალობდა.
ქალის საყვარელს ჯოშუა გრეინჯერსაც გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. მან დანაშაული ერთ პუნქტში აღიარა, რომ ბავშვს სასტიკად ექცეოდა. მოსალოდნელია, რომ მას 30-წლიან პატიმრობას მიუსჯიან.
რობინსონი 2014 წლის სექტემბერშიც დააპატიმრეს, მას შემდეგ, როცა გოგონა უჭმელობის გამო საავადმყოფოში მოხვდა.





