გიორგი დონაძე: პროექტ „მიმღერე ქართული ხალხურის“ მთავარი მიგნება იყო ის, რომ აქცენტი გაკეთდა ოჯახებზე. გადაღებების დროს აღმოვაჩინეთ, რომ იმ ოჯახებს, რომლებსაც პირადად ვიცნობდი, „მიმღერემ“ მისცა მოტივაცია, რომ ახალი ვერსიები, ახალი ვარიანტები შეექმნათ
კულტურა

გიორგი დონაძე
ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
პროექტ „მიმღერე ქართული ხალხურის“ მთავარი მიგნება იყო ის, რომ აქცენტი გაკეთდა ოჯახებზე. უნდა ითქვას, რომ სიმღერა, გალობა და ზოგადად მრავალხმიანობა ჩვენამდე მოიტანა გვარებმა და ოჯახებმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პროექტ „მიმღერეს“ თანაავტორმა, ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი დონაძემ.
მისი თქმით, ამ პროექტმა ოჯახებს მოტივაცია მისცა, რომ ხალხური სიმღერების ახალი ვარიანტები შეექმნათ.
„მიმღერე ქართული ხალხურის“ გადაღებების დროს აღმოვაჩინეთ, რომ იმ ოჯახებს, რომლებსაც მე პირადად ვიცნობდი, „მიმღერემ“ მისცა მოტივაცია, რომ ახალი ვერსიები, ახალი ვარიანტები შეექმნათ. ეს არის ყველაზე ნამდვილი, ავთენტური და ბუნებრივი გარემო, სადაც შეიძლება შეიქმნას ხალხური სიმღერის ახალი ვერსია და სრულიად ახალი სიმღერა. ეს გადაცემა წარმოიდგინეთ, რამხელა მოტივაციაა მათთვის. ისინი ხომ უფრო მეტს გააკეთებენ, მეტი ენთუზიაზმი და იმედი გაუჩნდებათ, რომ ეს საქმე დაფასებულია. ეს არის ძალიან სწორი და მართალი პროექტი, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი იმისა, რა მოსწონს ჩვენ ხალხს.
ქართულ მრავალხმიანობას საქართველოში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა და დღეს უკვე ჩვენ 50 სკოლაზე მეტი გვაქვს და კულტურის სამინისტრო მხარს გვიჭერს. ჩვენი სკოლების დიდი ნაწილი გალობს ტაძრებში და ეს სცილდება მრავალხმიანობის პოპულარიზებას, ეს ძალიან ეროვნული და საჭირო საქმეა. მადლობა ყველას, ვინც ამაში იღებს მონაწილეობას“, - აღნიშნა დონაძემ.
დღეს ოპერაში „იმედის“ სახალხო შოუს „მიმღერე ქართული ხალხურის“ სეზონის საშობაო შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა. უკვე ხუთი წელია „მიმღერე“ „იმედის“ ეთერშია და მაყურებლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროექტი გახდა. დღევანდელ კონცერტში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები და სალოტბარო სკოლის აღსაზრდელები. შესრულდა სხვადასხვა კუთხის ის ავთენტური სიმღერები, რომლებიც „მიმღერეს“ მონაწილე ოჯახებს თაობებით გადმოეცა. პროექტის იდეის ერთ-ერთი მთავარი ავტორი ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი მაკა ლომიძეა. „მიმღერეს“ ყველა სეზონს მაყურებელი განსაკუთრებული მოლოდინით ელის და განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს. საშობაო კონცერტს ესწრებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, კულტურის მინისტრი, ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოქალაქეები. კონცერტის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო და ფონდი „ქართული გალობა“.





