ლაშა დარსალია: საქართველო სამხედრო ტვირთებთან დაკავშირებულ ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმასა და პრინციპს იცავს
თავდაცვა

ლაშა დარსალია
სატრანზიტო ტვირთებთან დაკავშირებით საქართველო ყველა საერთაშორისო რეგულაციას იცავს და საჰაერო გზით შეიარაღების გადაზიდვა ორმხრივი შეთანხმებით ხდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ „ქრონიკას“ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის იარაღის საკითხზე აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით განუცხადა.
„საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები მრავალი ქვეყნის მიერ გამოიყენება, ზოგადად. მათ შორის ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანისა და სომხეთის მხრიდანაც. ამ მხრივ ჩვენ განუხრელად ვიცავთ საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. არსებობს დადგენილი ტაქტიკა და რეგულაციები გადაზიდვებთან დაკავშირებით. მათ შორის ორმაგი დანიშნულების და სამხედრო ტვირთებთან დაკავშირებით. ჩვენ პირნათლად ვიცავთ იმ ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია. ერ რეგულაციები იდენტურია ყველა ქვეყნისთვის და კარგად არის ცნობილი პარტნიორებისთვის. მათ შორის იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც აქტიურად იყენებენ საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და რაიმე სახის წინააღმდეგობა რომელიმე მეზობელი ქვეყნის მხრიდან მოცემულ საკითხზე არსად, არცერთ დონეზე გაჟღერებულა. აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ საქართველოს მიზანი ცალსახაა, ჩვენ გვსურს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში და ორივე ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან გვაკავშირებს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა და სომხეთთანაც მჭიდრო კეთილმეზობლური ურთიერთობა“, - აცხადებს დარსალია.
მანამდე სომხეთის მედია სერბეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ალექსანდრ ვუჩიჩმა გაკვირვება გამოთქვა, თუ რატომ მოჰყვა სკანდალი სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდებას, მაშინ, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანმა 10-ჯერ მეტი იარაღი იყიდა.





