წვევამდელებმა სენაკში სამხედრო ფიცი დადეს
თავდაცვა

ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
სენაკში სამხედრო ფიცი დადეს წვევამდელებმა, რომლებიც 11-თვიან სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ. ცერემონიას მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ. ადგილზე სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენაც მოეწყო. ფიცის დადებამდე წვევამდელებმა ექვსკვირიანი საბრძოლო მომზადება გაიარეს. ამ პერიოდში ისინი გელათსა და მოწამეთას ესტუმრნენ, ზუგდიდში კი დადიანების სასახლე და ბოტანიკური ბაღი მოინახულეს.
წვევამდელების ნაწილი სწავლას გორში, უმცროს ოფიცერთა კურსზე გააგრძელებს, ნაწილი კი კოჯორში, სერჟანტთა აკადემიაში. კურსების დასრულების შემდეგ ისინი 31-ე ქვეით ბატალიონში უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე იმსახურებენ. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის გამო ანაზღაურებაზე მიიღებენ 30%-იან დანამატს. 11 თვის შემდეგ კი ლეიტენანტის, სერჟანტის ან უმცროსი სერჟანტის წოდება მიენიჭებათ.





