დართ ვეიდერის სინათლის მახვილი აშშ-ში რეკორდულ ფასად გაიყიდა
ტაბლოიდი

ფოტო: Lucasfilm Ltd.
დართ ვეიდერის სინათლის მახვილი დალასში გამართულ აუქციონზე რეკორდულ თანხად - 4,875 მილიონ დოლარად გაიყიდა. როგორც ABC აუქციონის სახლ Heritage Auctions-ზე დაყრდნობით იტყობინება, ეს შედეგი კინოსამყარო „ვარსკვლავური ომების“ ნებისმიერი ნივთის გაყიდვის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახდა.
ლოტის საწყისი ფასი მილიონ დოლარს აღემატებოდა. კინორეკვიზიტს 1980-იანი წლების დასაწყისში გადაღებული ფილმების - „ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი V - იმპერიის საპასუხო დარტყმა“ და „ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი VI - ჯედაის დაბრუნება“ შექმნისას იყენებდნენ. გადაღებებში მსახიობი დევიდ პროუზი და მისი დუბლიორი მონაწილეობდნენ.
ჯორჯ ლუკასის პროექტი არა მხოლოდ კინოფრენჩაიზს, არამედ სერიალებს, წიგნებს, კომიქსებსა და ვიდეოთამაშებსაც მოიცავს. აუქციონებზე ამ გამოგონილ სამყაროსთან დაკავშირებული არაერთი ნივთი იყიდება.





