პრინცი უილიამი დედის მიმართ საკუთარ გრძნობებზე ალაპარაკდა
ტაბლოიდი

პრინცი უილიამი
"ვწუხვარ, რომ დედისთვის რჩევის კითხვა არ შემიძლია", - ამის შესახებ პრინცმა უილიამმა პრინცესა დიანასთან დაკავშირებით GQ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პრინცი უილიამი ამბობს, რომ დედის გარდაცვალებით მიყენებული ტკივილი იმდენად დიდი იყო, რომ უკანსკნელ პერიოდამდე მასზე ხმამაღლა საუბარს ვერ ახერხებდა.
"ახლა უკეთ ვგრძნობ თავს. თითქმის 20 წელი დამჭირდა, რომ დედის გარდაცვალების შესახებ ხმამაღლა მელაპარაკა", - ამბობს კემბრიჯის ჰერცოგი.
პრინცი უილიამის თქმით, ის წუხს, რომ დედამისი მის მეუღლე ქეითსა და შვილებს ვერ მოესწრო. ინტერვიუში კემბრიჯის ჰერცოგი უილიამი ოჯახური სტაბილურობის შესახებაც ლაპარაკობს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მისმა შვილებმა სასახლის კედლებს მიღმა ცხოვრების შესახებ რაც შეიძლება მეტი იცოდნენ.
"ჩემი სტაბილური ოჯახის გარეშე, დაკისრებულ მოვალეობებს თავს ვერასდროს გავართმევდი. მსურს, რომ ჩემი შვილები სტაბილურ, სიყვარულით სავსე და უსაფრთხო გარემოში გაიზარდონ", - თქვა პრინცმა უილიამმა.
აპრილის თვეში დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ გამოცემა Telegraph–ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც დედის გარდაცვალების შემდეგ, თავის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ილაპარაკა.
მისი თქმით, ტკივილის შეგუებაში მას უფროსი ძმა უილიამი დაეხმარა. „მისმინე, ამაში კარგად უნდა გაერკვიო. არ არის ნორმალური ის, რომ ისე იქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა“,– ციტირებდა უმცროსი პრინცი ძმა უილიამს.
პრინცესა დიანა 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში, ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა.





