ფონიჭალაში დაზიანებული კორპუსის მცხოვრები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებაზე: ლტოლვილობა - ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება, ძლივს ავეწყვეთ და ახლა კიდევ ეს რა მოგვივიდა. თუ ვინმე რამეს მაღირსებს და მომცემს ბინას უწვალებლად, მადლობელი ვიქნები - სიკეთე ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ხალხისთვის და ახლა ამასაც თუ გააკეთებს, ღმერთმა სიკეთე მისცეს
საზოგადოება

ეთერ ჯელაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრები ეთერ ჯელაძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მადლობას უხდის გადაწყვეტილებისთვის, რომ დაზარალებულ 28 ოჯახს ბინა შეუძინონ.
„ოთახს გავანიავებ-მეთქი, აივნის კარი გავაღე, გავედი აივანზე და იმან გადამარჩინა. ყველა ქვა-ღორღი, რაც ჩემი კედელი ჩამოინგრა, სულ ჩემს საწოლზე ეყარა, იქ რომ ვყოფილიყავი, მე ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი.
ლტოლვილობა - ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება, ძლივს ავეწყვეთ და ახლა კიდევ ეს რა მოგვივიდა. თუ ვინმე რამეს მაღირსებს და მომცემს ბინას უწვალებლად, მადლობელი ვიქნები. ღმერთი იმას გაახარებს, იხაროს და იდღეგრძელოს, სიკეთე ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ხალხისთვის და ახლა ამასაც თუ გააკეთებს, ღმერთმა სიკეთე მისცეს, დიდ ხანს სიცოცხლე და რასაც კარგი გულით მოისურვებს, ის აუსრულოს ღმერთმა”, - ამბობს ეთერ ჯელაძე.
როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს.
დაზიანებულ კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი.
19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.





