ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი: დღეის შეფასებით, 11 წლის ბიჭის და 3 წლის გოგონას მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ორივე პაციენტთან მუშაობს ფსიქოლოგთა გუნდი. ბავშვების მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია, აქტიურად შემოდიან კონტაქტში
საზოგადოება

ქეთი ბარაბაძე
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
დღეის შეფასებით, პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ორივე პაციენტთან მუშაობს ფსიქოლოგთა გუნდი, - განუცხადა ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ქეთი ბარაბაძემ.
მისი ინფორმაციით, 19 ნოემბერს ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.
„11 წლის ვაჟის მდგომარეობა შემოსვლისას იყო მძიმე, გამოხატული იყო სხეულის მრავლობითი დაზიანებები. პაციენტი სიმძიმის მიხედვით მოთავსდა ბავშვთა ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში. დღეის მდგომარეობით, ჩატარებული ანალიზების, ბავშვის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებით, მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.
მეორე პაციენტის - 3 წლის თაიას მდგომარეობა შემოსვლისას შეფასდა ნაკლებად მძიმედ. არ საჭიროებდა რეანიმაციულ თერაპიაში, რეანიმაციულ დეპარტამენტში მკურნალობის გაგრძელებას, ამიტომ მოთავსდა პედიატრიული განყოფილების პედიატრიულ პალატაში. შემოსვლისას ყურადღებას იქცევდა მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი, მუხლის სახსრის ტრავმული დაზიანება, მასთან ასოცირებული ლაბორატორიული დარღვევები. აქაც თავიდანვე მუშაობა დაიწყო ექიმთა მრავალპროფილურმა გუნდმა, მათ შორის, ჩართული იყო ფსიქოლოგიც.
დღეის შეფასებით, პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ორივე პაციენტთან მუშაობს ფსიქოლოგთა გუნდი. ბავშვების მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია, აქტიურად შემოდიან კონტაქტში; თამაშობს, ადეკვატურად იძლევ პასუხს დასმულ შეკითხვებზე.
გაწერის საკითხს გადაწყვეტს ასევე ექიმთა მულტიპროფილური გუნდი. შეფასდება ყველა მონაცემი, ბავშვის ფსიქიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა და გაწერის შემთხვევაშიც აუცილებელი იქნება ბინაზე მეთვალყურეობის გაწევა“, - განაცხადა ქეთი ბარაბაძემ.
19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.





