სულხან თამაზაშვილი: დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი მოქალაქე, მინდა მათ ოჯახებს, ახლობლებს მივუსამძიმრო - გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები
საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი
ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
ეს ტრაგედია, რა თქმა უნდა, არის მთელი ქვეყნისთვის, თუმცა უპირველეს ყოვლისა ყველაზე მძიმე მათი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება.
„საერთო ჯამში ხუთი მოქალაქეა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ხუთი ადამიანიდან ერთის მდგომარეობა არის მხოლოდ კრიტიკულად მძიმე. ასევე, სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. პირველ რიგში მინდა მათ ოჯახებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს მივუსამძიმრო. ეს ტრაგედია, რა თქმა უნდა, არის მთელი ქვეყნისთვის, თუმცა უპირველეს ყოვლისა ყველაზე მძიმე მათი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის.
გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, კონკრეტულად შემთხვევის ადგილის დათვალიერება კრიმინალისტების ჩართულობით, ყველა საჭირო მტკიცებულების მოპოვების მიზნით. მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში. აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადო მუნიციპალურ სამსახურებს და პირველ რიგში ჩვენს გმირებს, მეხანძრე-მაშველებს“, - აღნიშნა თამაზაშვილმა.
ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება გუშინ, 19 ნოემბერს მოხდა. ნანგრევებიდან 6 ცხედარი ამოასვენეს.
ერთი არასრულწლოვანი გოგონა მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.





