თემურ მღებრიშვილი: ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა მეხანძრე-მაშველებს. აქ არის ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ეს არის განმეორებითი ნგრევის საფრთხე. პარალელურად, ძალიან მცირე მონაკვეთში ჩამოშლილია ფაქტობრივად ხუთი სართულის ნაშალი მასალა, რაც გარკვეულწილად ართულებს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებას
საზოგადოება

თემურ მღებრიშვილი
ვიდეო/კადრი
ხუთი ცხედარია გამოსვენებული შენობის ნანგრევებიდან და სამი წლის გოგონა, რომელიც მეხანძრე-მაშველების თავდაუზოგავი შრომის შედეგად უვნებლად არის გამოყვანილი. ამ დროისთვისაც გრძელდება ერთი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა.
„ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა მეხანძრე-მაშველებს. აქ არის ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ეს არის განმეორებითი ნგრევის საფრთხე და პარალელურად, ის მძიმე ნგრევა, რაც გამოწვეულია აფეთქების შედეგად, ძალიან მცირე მონაკვეთში ჩამოშლილია ფაქტობრივად ხუთი სართულის ნაშალი მასალა, რაც გარკვეულწილად ართულებს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებას“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 150 მეხანძრე-მაშველია ჩართული, მობილიზებულია კინოლოგიური სამსახური, სპეციალური ტექნიკა.
თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს იმ პერიმეტრის მოსუფთავება, სადაც, სავარაუდოდ, კიდევ ერთი დაზარალებული იმყოფება.
„შანსი არსებობს [არასრულწლოვანი ცოცხალი ვიპოვოთ], გამომდინარე იქიდან, რომ არის ამის ლოგიკური თეორიული შანსი. გვაქვს იმედი“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.





