თამარ ზოდელავა იაღლუჯაზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე: მართლაც, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. სწორედ ასეთი გუნდური, კომპლექსური სამუშაო იყო გაწეული და მიმდინარეობს ჯერ კიდევ იმისთვის, რომ მრავალწლიანი პრობლემა გადაჭრილიყო
საზოგადოება

თამარ ზოდელავა
„მართლაც, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. სწორედ ასეთი გუნდური, კომპლექსური სამუშაო იყო გაწეული და მიმდინარეობს ჯერ კიდევ იმისთვის, რომ მრავალწლიანი პრობლემა გადაჭრილიყო“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ პრემიერის გადაწყვეტილებით იაღლუჯის მთის მასივზე მდებარე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.
თამარ ზოდელავას თქმით, საუბარია დაახლოებით 12 ათას მოქალაქეზე, რომლებიც პოტენციურად შესაძლოა მესაკუთრეები გახდნენ.
„მადლობა მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ ვსაუბრობთ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან, მრავალწლიანი პრობლემის გადაჭრის ახლა უკვე ქმედით ნაბიჯებზე. სარეგისტრაციო პროცესი ფაქტობრივად განახლდა და დაიწყო. ჩვენ ვსაუბრობთ დაახლოებით 12 ათას მოქალაქეზე, ესენი არიან რუსთავის მცხოვრებლები, რომლებიც პოტენციურად შესაძლოა გახდნენ მესაკუთრეები. მათ, ვისაც 2025 წლის 31 დეკემბრამდე წარდგენილი ჰქონდათ განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, დღეს უკვე დაეგზავნათ შეტყობინებები და ეცნობათ, რომ იწყება სარეგისტრაციო პროცესი. ბუნებრივია, მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა წარადგინონ ის დოკუმენტები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სარეგისტრაციო პროცესი ბოლომდე იყოს მიყვანილი მათი ინტერესების გათვალისწინებით.
თქვენ ახსენეთ საკითხის მრავალწლიან პრობლემურობაზე და მართლაც, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა მან.
თამარ ზოდელავას თქმითვე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით იუსტიციის სამინისტროში შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი.
„აქ იყო წარმოდგენილი ყველა მუნიციპალიტეტი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. სწორედ ასეთი გუნდური, კომპლექსური სამუშაო იყო გაწეული და მიმდინარეობს ჯერ კიდევ, ბუნებრივია იმისთვის, რომ მრავალწლიანი პრობლემა გადაჭრილიყო და ძალიან ბევრ ათას მოქალაქეს ახლა შესაძლებლობა მიეცა, რომ უახლოეს მომავალში მესაკუთრე გახდეს“, - დასძინა მან.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვისაც არ მიუმართავთ, მათ აქვთ შესაძლებლობა, იუსტიციის სახლებს მიმართონ და წარადგინონ განაცხადი.
„ეს გახლდათ ის მოქალაქეები, რომლებმაც სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო. შესაბამისად, რადგან უკვე დავიწყეთ სარეგისტრაციო პროცესი, მათ გავუგზავნეთ შეტყობინება. ვისაც არ მოუმართავთ, მათ აქვთ შესაძლებლობა, იუსტიციის სახლებს მიმართონ, წარადგინონ განაცხადი, ასევე უფლების დამდგენი დოკუმენტები. ეს არის მებაღეობის წიგნაკი, განაწილების გეგმები, სხვა მართლზომიერი და სხვა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სარეგისტრაციო პროცესი მივიდეს ბოლომდე და ისინი გახდნენ მესაკუთრეები“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იაღლუჯის მთის მასივზე მდებარე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება





