ComCom-მა ქუთაისში ახალგაზრდებთან მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა
საზოგადოება

ფოტო: კომუნიკაციების კომისია
კომუნიკაციების კომისიამ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ქუთაისის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრში 14-18 წლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩაატარა, თემაზე - „მედიაწიგნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: როგორ შევაფასოთ ინფორმაცია ციფრულ გარემოში“. შეხვედრას, რომლის მიზანი ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის კრიტიკულად შეფასების უნარების განვითარება იყო, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი ვერა ფრანგიშვილი უძღვებოდა.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მედიაწიგნიერების ძირითად პრინციპებს, კომუნიკაციების კომისიის საქმიანობას ამ მიმართულებით და იმ ცვლილებებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და შექმნის პროცესში გამოიწვია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ციფრული პლატფორმების მუშაობის პრინციპებს, ალგორითმების გავლენას ინფორმაციის გავრცელებაზე, ყურადღების ეკონომიკასა და იმ ფაქტორებს, რომლებიც მომხმარებლებისთვის ინფორმაციის შერჩევასა და მიწოდებას განსაზღვრავს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს დეზინფორმაციის გავრცელების მექანიზმები, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული და მანიპულირებული ვიზუალური მასალის, მათ შორის, ე.წ. დიპფეიკების (Deepfake) ამოცნობის გზები და ინფორმაციის სანდოობის შეფასების მეთოდები.
ტრენინგი პრაქტიკულ აქტივობებსაც მოიცავდა. მონაწილეებმა ინტერაქციული კითხვებისა და სავარჯიშოების საშუალებით შეამოწმეს დიპფეიკების ამოცნობის უნარები და გაეცნენ ინფორმაციის გადამოწმების პრაქტიკულ ინსტრუმენტებს. მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს ციფრულ გარემოში საეჭვო ინფორმაციის ამოცნობაში, წყაროების გადამოწმებასა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა კომუნიკაციების კომისიასა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ნაწილია.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.





