პაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
სამართალი

პაატა სალია
ფოტო: ვიდეოკადრი
სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გადაცემაში „ღია ეთერი“, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით.
„სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნა, რომ ძალადობის ნიშნები არ ყოფილა და ეს გამოძიებამაც დაადასტურა. მე მგონი, ამით ეს თემა დაიხურა. მაგრამ ოჯახი აცხადებს, რომ დავას გააგრძელებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. თუ ქართულ მართლმსაჯულებას არ ენდობა ოჯახი, მათ სრული უფლება აქვთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ“, - აღნიშნა პაატა სალიამ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუე უწოდა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს და გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის კადრებს ასახავს. მათივე განმარტებით, დავითაძემ კატეგორიულად თქვა უარი შემოწმება-დათვალიერებაზე, რის შემდეგაც დაწესებულების თანამშრომლებმა, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, ელექტროდეტექტორის გამოყენებით, იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს.
დავითაძის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხრიდან მიმართვის დღესვე შეისწავლეს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაღებული ვიდეომასალა და მასში არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახეს.
საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.





